MSZGEORGIA

2021-12-30 07:37:32

დავიბადე, რომ მეთქვა: გილოცავ ახალ წელს!

ხოდა, დავიბადე. ერთ ჩემთვის პატარა, მაგრამ თურმე დიდ, უზარმაზარ ქარხანაში მე გამომჭედეს, გამომთალეს, გამომიგონეს და შემდეგ მომიწონეს კიდეც... წარმოგიდგენიათ? მხოლოდ ერთადერთი და ყველაზე დიდი, საპასუხისმგებლო და აუცილებელი მისია მხვდა წილად - სხვების გაბედნიერება! განა, რა უნდა იყოს ამაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ადამიანების მომღიმარი სახეებისა და აღფრთოვანების მიზეზად ყოფნაა?

დავიბადე და იმავე წუთას ამარჩიეს. სათუთად, აი, იმ სატკაცუნო პარკით შემფუთეს, არავინ რომ ყრის და ბოლომდე, სულ ბოლომდე აქსოვენ უარყოფით ემოციებს მათ ტკაცა-ტკუცში. შემფუთეს, ფუმფულა ბურბუშელაში ჩამაწვინეს და მითხრეს - რამდენიმე დღით დაისვენე, გამოიძინე და სულ ცოტა ხანში ახალ სიცოცხლეს დაიწყებო.

მეც დავუჯერე, როგორ შევეწინააღმდეგებოდი?!

მე ნათურა ვარ.

ერთი პაწაწკინტელა ნათურა, ჩემნაირი ნათურების დიდი და უსასრულო ჯაჭვიდან. გაგეღიმებათ-და, სიზმრებსაც ვხედავ, ოღონდ შავ-თეთრს და ბუნდოვანს. გზაში ხანდახან გრუხუნი და უცნაური ხმები მაფხიზლებდა, მაგრამ შემდეგ ფრთხილად მარწევდნენ, რომ არაფერი მტკენოდა, თითქოს ზრუნავდნენ ამ დიდი მოგზაურობისა და თავგადასავალის დროს.

მე ნათურა ვარ და უცხო ქვეყანაში, უცხო ადამინებისათვის, უცხო ადგილი უნდა გავანათო, გავაბრდღვიალო და განწყობა შევქმნა. ხანდახან მერთულება, ცოტა მეშინია კიდეც - ვაი-თუ არ მოვეწონო ახალ მფლობელებს? მაგრამ გზაში ისე მექცევიან, ისე მეფურად, ისე მედიდურად, არა მგონია, ვინმემ დამიწუნოს ჩემი ციცქნობის გამო.

გავჩერდით.

ჩემი ბურბუშელებიანი, დროებითი სახლი ისევ შეირხა. ოდნავ გაიხსნა და დავინახე ლურჯ რომბში ჩახატული რაღაც სიმბოლო (ჯერ კითხვა არ ვიცი, ვერ მოვასწარი სრულყოფილად მესწავლა სახლში). ამ სიმბოლოიანმა ხელებმა ამიყვანეს, ჩემზე მიკრული თეთრი ფანტელები გამაცალეს და იგივე ნახატზე ძალიან ფრთხილად დამდეს.

ისევ შემფუთეს.

ისევ გამამგზავრეს და მივხვდი, როცა გამიცნეს, უკვე მოვეწონე, უკვე ახლოს ვიყავი ჩემი დიდი მისიის შესრულებასთან. ამდენი ხანი, ასეთი დიდი დრო და ასეთი მშვიდი მოგზაურობა - წარმოგიდგენიათ? პატარა ნათურა, რომელიც გრძელ გზაში არც კი ჩავქრი!

მგონი, მოვედით. ახლა რა იქნება? ისევ ისეთი სიმბოლოებია ბევრი და ყველგან, ნუთუ, ესაა ის სამყარო, რომელიც სულ ჩემი იქნება?

დაღამდა...

ისევ წამიღეს.

ჩემს და-ძმებთან ერთად ზღვისპირა ქალაქში ჩამომკიდეს. რომ იცოდეთ, როგორი მშვენიერი ხედია ზემოდან - მარჯვნიდან ტალღების თქაფუნი მესმის, მარცხენა მხარეს კი ცათამბჯენები და დაბალი სახლები ერთმანეთს ენაცვლებიან. დიდ ხესაც ვხედავ, ბევრი ჩემნაირი ნათურითა და საჩუქრით სავსეს.

1... 2... 3... და...

ავინთე!

გესმით ხალხის ხმა? იქნებ, რომელიმე თქვენგანიცაა მათ შორის? ამ ტაშს მე მიკრავთ? ბავშვების ღიმილი, მშვენიერი მუსიკა, კეთილი ადამიანები...

ზუსტად ამისთვის დავიბადე იმ დიდ, მაგრამ ჩემთვის პატარა ქარხანაში, სწორედ ამისთვის ვიმგზავრე რამდენიმე დღე ლამაზ ლოგოებიანი ყუთით და სწორედ ამიტომ მეფერებოდნენ იგივე ნახატის მქონე ხელები - იმისათვის, რომ მე თქვენთვის ჩემი ლამაზი ნათებით მეთქვა -

გილოცავთ ახალ წელს!